logo
ENG



გოგაშვილი აცხადებს, რომ გომელაური თავის პირობებს მესამე "ადვოკატის" გავლით აცნობდა

26 აგვ 202213:01
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი მორიგ წერილში აცხადებს, რომ ვახტანგ გომელაურმა იმისთვის, რომ გოგაშვილისთვის საკუთარი პირობები გაეცნო მესამე "ადვოკატი", დიმიტრი მჭედლიშვილი დაუნიშნა. გოგაშვილი აცხადებს, რომ მჭედლიშვილი ახლახან გაქრა.

გოგაშვილის თქმით, გომელაურთან მეოთხე სატელეფონო საუბრისას შს მინისტრმა მას უთხრა, რომ ტელეფონით საუბარი სარისკო იყო, ამიტომ მისთვის სანდრო პირის გავლით კომუნიკაცია შესთავაზა.

ეს ადამიანი, დიმიტრი მჭედლიშვილი, გოგაშვილის ცნობით სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე იყო და ფორმალურად მისი მესამე ადვოკატი გახდა, რათა ციხეში ვიზიტისას მისთვის გომელაურის პირობები გადაეცა.

გოგაშვილი აცხადებს, რომ "მესამე ადვოკატის" დანიშვნას დათანხმდა, რათა დამატებითი მტკიცებულებები მოეპოვებინა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ერთ-ერთი შეხვედრისას მჭედლიშვილმა გადასცა, რომ მისდამი გომელაურის უპირველესი მოთხოვნა იყო, გოგაშვილს ეთქვა, რომ "აფგან მუხთარლის შესახებ სტატუსი აღელვებულმა დაწერა და დამატებით ინფორმაციას არ ფლობდა".

გოგაშვილის თქმით, მჭედლიშვილისგან გაიგო, რომ არჩევნების გაყალბების თემაზე ჩვენების მიცემის შესახებ გომელაური მოგვიანებით მისცემდა მითითებებს.

გოგაშვილი აცხადებს, რომ საპასუხოდ გომელაურთან შუამავალს თავისი პირობები გააცნო, რაც მის დაზარალებულად ცნობას, გაყალბებულ საქმეში გამართლებასა და ნამდვილი დამნაშავეების დასჯას მოიცავდა.

გოგაშვილის თქმით, ამ კომუნიკაციის შემდეგ მას "ადვოკატი" დიმიტრი მჭედლიშვილი აღარ უნახავს.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მჭედლიშვილმა, როგორც მისმა ახალმა ადვოკატმა მის ოჯახთან ფორმალური კონტრაქტი დადო. გოგაშვილის თქმით, ციხეში მჭედლიშვილის ვიზიტების ამსახველი კადრები, სავარაუდოდ, წაშლილი იქნება, თუმცა, მისი თქმით "სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეუძლია ვიზიტორების სია გადაამოწმოს".

სოსო გოგაშვილის წერილს სრული სახით გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩემს უფლებებს იცავს ორი ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე და დიმიტრი ღონღაძე. ისინი მე დამაკავშირეს ჩემმა მეგობრებმა, რომელბსაც ბუნებრივია ვენდობი. ადვოკატებს ჩემთან და ჩემს ოჯახის წევრებთან აქვთ თითქმის 24 საათიანი კომუნიკაცია, ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ახდენენ მტკიცებულებათა შეგროვებას და აქვთ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და მედია საშუალებებთან. მოკლედ, მათ ორივეს, საზოგადოება ახლა უკვე იცნობს, როგორც ჩემს უფლებადამცველებს, თუმცა, მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღე ,,იცავდა ჩემს უფლებებს’’. ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა.

ახლა მოგიყვებით მის შესახებ: როდესაც მე მეოთხეჯერ ვესაუბრე ციხიდან ვახტანგ გომელაურს და დავუფიქსირე ჩემი მოთხოვნა, ეს იყო ბოლო ზარი, სადაც მან მითხრა, რომ ტელეფონით საუბარი რისკს შეიცავდა მისთვის, რადგან რიგით ბადრაგებს არ ენდობოდნენ და შეიძლება ინფორმაცია გაჟონილიყო, ამიტომ შემომთავაზა, რომ კომუნიკაცია მოხდებოდა მათთვის სანდო პირის (ადვოკატი) საშუალებით, რომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც გადმომცემდა მე-12 დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ხარიტონაშვილი. შემდეგ ის შემოვიდოდა ჩემთან, როგორც ჩემი ადვოკატი და გადმომცემდა მათ პირობებს კონკრეტულად.

ეს ჩემთვის დამატებითი მტკიცებულების შანსი იყო და ბუნებრივია, დავთანხმდი. ხარიტონაშვილმა გადმომცა დიმიტრი მჭედლიშვილის ტელეფონის ნომერი, რომელიც მე ჩემი ადვოკატების მეშვეობით გადავეცი ჩემს ოჯახს. თან გავუმხილე ჩემი განზრახვის შესახებ, რომ ეს იქნებოდა დამატებითი მტკიცებულება და უჩემოდ არ გაეხმოვანებინათ ეს ინფორმაცია. მოხდა დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირება, იგი მივიდა ჩემს ოჯახში და მოხდა ფორმალურად კონტრაქტის შედგენა, აღნიშნული ფაქტი ოჯახმა დააფიქსირა.

ამის შემდეგ ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი შემოვიდა ჩემთან მე-12 დაწესებულებაში, თარიღს მნიშვნელობა აღარ აქვს როდის, რადგან ეს კადრებიც წაშლილი იქნება, თუმცა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეუძლია ვიზიტორების სია გადაამოწმოს. მჭედლიშვილი გამეცნო, მითხრა, რომ იგი ადრე მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ის ქალაქგარეთ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო. მან ასევე მითხრა, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ჩემთვის სჯობდა, რომ დავთანხმებულიყავი მათ შემოთავაზებას და თან დასძინა, რომ ხომ ნახე FBI ტრამპის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარესო. მე შიკრიკი უხეშად გავაჩერე და ვუთხარი, რომ არც მე არ ვიყავი ტრამპი და არც სუსი არის FBI, სჯობდა რაც დააბარეს ის ეთქვა ჩემთვის.

მან მითხრა, რომ მათი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების თემას, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ იყვნენ და მოგვიანებით მეტყოდნენ რა ჩვენება უნდა მიმეცა. მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო, ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა. ამის შემდეგ მე მჭედლიშვილი აღარ მინახავს.

კრიმინალებო! მჭედლიშვილი სერვერი არ არის, რომ წაშალოთ ან დაწვათ და გაეცით პასუხები საზოგადოებას.

სოსო გოგაშვილი

306-ე საკანი."

***

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

რამდენიმე დღით ადრე კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლთან დაკავშირებით საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი. 

ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ. 

კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა. 

რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასგოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს. 

18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ციხეში ყოფნისას მან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელიც არჩევნების გაყალბების, ვახტანგ გომელაურის საქმიანობის, აფგან მუხთარლის საქმის და გელა ხვედელიძის ცემის დეტალების გასაჯაროებას ისახავდა მიზნად.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) შეისწავლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალა და 21 ივლისს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის პირველ ნაწილში აღწერილია მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალის მეორე ნაწილში საუბარია საჯარო სამსახურების პოლიტიზირებაზე.

გოგაშვილის მიერ ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება და სუს-ი ერთად ქმნიდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დოსიეებს და საკადრო პოლიტიკის გატარებისას დოსიეებში მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. 

დოკუმენტის ბოლო, მესამე ნაწილში სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლების საარჩევნოდ მობილიზების გზებია აღწერილი.

26 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში კი  გოგაშვილი წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით სცემეს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს 2017 წელს "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო", ასევე, ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი.

თუმცა, მისი თქმით, ორივე შემთხვევის ამსახველი კადრები ე.წ ოტომ, ანუ "ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა "გააქრო". 

11 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში გოგაშვილმა განაცხადარომ ციხეში ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო. როგორც გოგაშვილი ამტკიცებს, მისგან სასურველი ჩვენების მიცემას მოითხოვენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართა, მისი ოჯახი დაიცვან.

"მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა" - განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა. 

12 აგვისტოს კი, მისი თქმით მუქარა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან მიიღო. გოგაშვილის თქმით, გომელაურმა გააფრთხილა, "მათი საუბრის გახმაურების შემთხვევაში, დაუმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია".

17 აგვისტოს გოგაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. წერილში ის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც საუბრობს.

გოგაშვილის თქმით, გომელაური საიდუმლოდ შეხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს და "განიზრახა თავის დაძვრენა, უარესიც, გამწარებულ ოჯახთან გაგზავნა ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდიდა ფულს და დაავალა გოგაშვილის წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა გოგაშვილის მიერ იყო ჩადენილი".

ამასთან დაკავშირებით მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ შვილის ლიკვიდაციის შემდეგ მასთან ხშირად დადიოდნენ გომელაურთან, გოგაშვილთან და სუს-თან კავშირში მყოფი პირები.


close დახურვა